ᲒᲣᲜᲓᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ
ᲐᲗᲘᲐᲜᲘ ᲬᲚᲔᲑᲘ
პირველი საფეხბურთო გუნდი ბათუმში - ხოლოდნოსლობოდსკაია, 1911 წელს შეიქმნა. 1914 წლისთვის ბათუმს ათამდე ორგანიზებული და ბევრი ველური გუნდი ჰყავდა. ქალაქის პირველობაზე ერთმანეთს ხვდებოდნენ: სელექტედი, გიმნაზიჩესკაია, დრუჟბა, ვოლნიე სოკოლა, არაქსი, გრეჩისკაია, ბონდარი, მარსი და სხვა.
ქალაქ ბათუმის გუნდი | 1913 წელი
ამავე პერიოდში ბათუმელებმა პირველი საქალაქთაშორისო შეხვედრა გამართეს. ქალაქის ნაკრები ფოთში გაემგზავრა და სასტიკად დამარცხდა - 0:8. ამ გაკვეთილს ფუჭად არ ჩაუვლია - შემდეგი ვიზიტისას ბათუმელებმა ფოთელები 1:0 დაამარცხეს. 1913 წელს სოხუმში გაემგზავრა არაქსი. ეს მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა, ხოლო განმეორებით შეხვედრაში, ბათუმში, არაქსმა დამაჯერებლად - 5:0 მოიგო.
ბათუმის ნაკრები გუნდი | 1914 წელი
ბათუმში სპორტის, კერძოდ ფეხბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ა. კოუბამ - ეროვნებით ჩეხმა, ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის ფიზკულტურის მასწავლებელმა. იგი გახდა რეგიონში საზოგადოება შევარდენის შექმნის ინიციატორი.
ბათუმის ნაკრები გუნდი | 1919 წელი
ᲝᲪᲘᲐᲜᲘ ᲬᲚᲔᲑᲘ
1921 წელს ბათუმში შეიქმნა გუნდები: მეზღვაური, წითელი რაინდი და კომკავშირული საფეხბურთო კოლექტივი კსმ. ორი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა ცნობილი БДПО (ბათუმის ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო საზოგადოება), რომელიც მალე ერთ-ერთი უძლიერესი ქართული გუნდი გახდა.
БДПО-ში თამაშობდნენ: ძმები ანდრო და სოკრატ იოაკიმიდები, გ. ფაჩულია, გ. ბაუერი, კ. ფსაროსი, ლ. ლაზარევი, ლ. აბაშიძე, ვ. დარჩია, ა. ბიბაევი, ს. კარაკულიანი, ა. პოპკოვი, ნ. ანიკინი, კ. ბერმანი, რ. პოღოსოვი, რ. ფალავანდიშვილი და სხვა.
ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო საზოგადოების გუნდი
წლების განმავლობაში БДПО წარმატებით თამაშობდა თბილისის, ფოთის, სოხუმისა და სხვა ქალაქების გუნდების წინააღმდეგ. 1924 წელს ბათუმურმა გუნდმა ორი შეხვედრა ჩაატარა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის (ზიი) გუნდთან. ბათუმში სტუმრებმა 1:0 იმარჯვეს, ხოლო თბილისში ბათუმელებმა იმავე ანგარიშით გაიმარჯვეს. БДПО-მ არაერთხელ სძლია უცხოური გემების მეზღვაურებს. იმავე წელს ბათუმში ჩამოვიდა ხარკოვის ნაკრები გუნდი, რომელმაც მანამდე საკავშირო შეჯიბრებაში გაიმარჯვა. სტუმრებმა სამი შეხვედრა გამართეს, მათ შორის ბათუმელებთან გამართული მატჩი 2:2 დასრულდა. უკანასკნელი შეხვედრა ხარკოველებმა საქართველოს ნაკრებთან გამართეს, რომელშიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი ბათუმელი ფეხბურთელები. შეხვედრას იმ ხანებში არნახულად დიდი აუდიტორია - ხუთი ათასი მაყურებელი დაესწრო. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით - 1:0 დასრულდა.
1925 წელს ბათუმის ფეხბურთელთა ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა თურქეთში, ტრაბზონის ნაკრებ გუნდთან. პირველ მატჩში სტუმრებმა 7:1 გაიმარჯვეს, ხოლო მეორე 1:2 დათმეს.
1927 წლის საქართველოს პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმის ნაკრები გუნდი გახდა. ბათუმელებმა სამივე მატჩში დაამარცხეს მეტოქეები (თბილისელები და ფოთელები - 2:1, სოხუმელები - 3:0).
ბათუმის ნაკრების ღირსებას იცავდნენ: ლ. აბაშიძე, ლ. ანიკინი, ნ. ანიკინი, ა. ბიბაევი, ა. იოაკიმიდი, ვ. დარჩია, ლ. ლაზარევი, ა. აკოპოვი, რ. ფალავანდიშვილი, გ. ფაჩულია, რ. პოღოსოვი, გ. ფსაროსი, ა. ფოჩხუა, ს. ქსენოფონტოვი და ა. შიოშვილი.
1928 წლის საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა თბილისის ნაკრების შემდეგ.
თანდათან ფეხბურთი აჭარაში პოპულარული გახდა და ამ თამაშით სულ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდა. გუნდებში ბევრი პერსპექტიული მოთამაშე გამოჩნდა, რომლებიც მომავალში ქვეყნის წამყვანი გუნდების ღირსებას იცავდნენ. თბილისის დინამოში გაიშალა ბორის ფროლოვის, ალკივიად ფეხლევანიდის, იბრაგიმ სარჯველაძის, ედუარდ ტანტიბას, გიორგი აროშიძის, ანზორ კავაზაშვილისა და ილია დათუნაშვილის ტალანტი.
ბათუმში აიდგეს ფეხი რემიზ კამიშევმა (მოგვიანებით მოსკოვის ტორპედო), საშა ელიავამ, ანზორ კვაჭაძემ, ნიკოლოზ კეშელავამ, როინ კვასხვაძემ, ვალერიან ცხარტიშვილმა, გარი ქიქავამ და იგორ ფროლოვმა (იცავდა მოსკოვის სპარტაკისა და ლოკომოტივის ღირსებას).
ᲝᲪᲓᲐᲐᲗᲘᲐᲜᲘ ᲬᲚᲔᲑᲘ
სამწუხაროდ, 1920-იანი წლების ბოლოსა და 1930-იანი წლების დასაწყისში ფეხბურთის პოპულარობა ქალაქში შემცირდა, ხოლო ხელახალი აღმასვლა 1930-იანი წლების მეორე ნახევარს უკავშირდება. 1936 წელს ჩატარდა სსრ კავშირის პირველობა საკლუბო გუნდებს შორის. იმავე წლის ზაფხულში გათამაშდა სსრკ თასიც, რომელშიც 39 ქალაქის 83 გუნდი ჩაება. ბათუმის დინამო პირველივე წრეში თბილისელ თანაკლუბელებთან დამარცხდა. 1936 წელს ბათუმის შიდა პირველობა ორ კატეგორიად ჩატარდა - პირველში დინამომ იმარჯვა, მეორეში - ბურევესტნიკმა.
დინამო ბათუმი | 1935 წელი
1938 წელს გუნდმა მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. იმავე წელს დინამო ახლად დაარსებულ კონსტიტუციის თასს დაეუფლა. ბათუმელმა ფეხბურთელებმა ერთ სეზონში სამი ტიტული მოიპოვეს - 1938 წლის 12 დეკემბერს სოხუმელ თანაკლუბელებს 5:2 მოუგეს. 1938 წელს კიდევ ერთი ღირშესანიშნავი მოვლენა უკავშირდება: ენთუზიასტთა ინიციატივითა და დახმარებით ბათუმში დაიწყეს სტანდარტული ზომების საფეხბურთო მინდვრის მოწყობა.
დინამო ბათუმი | 1937 წელი
1939 წელს, საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბათუმის დინამოელები სსრკ პირველობის ბ კლასის გათამაშებაში ჩართეს. 23 ქულით გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა, ხოლო შიდა პირველობაში დინამო მე-5 ადგილზე გავიდა.
დინამო ბათუმი | 1939 წელი
ᲝᲠᲛᲝᲪᲘᲐᲜᲘ ᲬᲚᲔᲑᲘ
1940 წელს საუკეთესო გუნდის წოდების მოსაპოვებლად ბათუმურმა კლუბმა თბილისელი თანაკლუბელები 3:1 დაამარცხეს და მესამედ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონობა. იმავე წელს სსრკ თასის გათამაშებაში დინამოელები 1/8 ფინალიდან გამოვარდნენ.
მეორე მსოფლიო ომის მიუხედავად, 1943 წელს საქართველოს პირველობა მაინც ჩატარდა - დინამოს მხოლოდ მე-6 ადგილი ერგო.
1945 წელს გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, 1946 წელს კი - მე-2. 1947 წელი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა: ბათუმელებმა საქართველოს თასი მოიპოვეს და ჩემპიონატში კვლავ მე-3 ადგილს დასჯერდნენ. 1948 წელს გუნდი კვლავ მე-3 ადგილზე გავიდა.
დინამო ბათუმი | 40-იანი წლები
ᲡᲐᲛᲝᲪᲘᲐᲜᲘ ᲬᲚᲔᲑᲘ
1960 წელს გუნდმა მოკავშირე რესპუბლიკების პირველ ზონაში (ბ კლასი) მე-7 ადგილი დაიკავა. 1961 წელს იმავე ზონაში მე-6 ადგილზე გავიდა, ხოლო 1962 წელს მეორე ზონაში - მე-7 ადგილზე.
1963 წელი წარმატებული გამოდგა: გუნდმა მოკავშირე რესპუბლიკების პირველ ზონაში (ბ კლასი) პირველი ადგილი დაიკავა. თუმცა, სსრკ ჩემპიონატის ა კლასში გადასასვლელ მატჩში დინამოელებმა მეორე ზონაში გამარჯვებულ თბილისის ლოკომოტივთან ორრაუნდიანი შეხვედრა (1:0 და 1:5) დათმეს.
1964 წელს გუნდმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავა მოკავშირე რესპუბლიკების მეოთხე ზონაში (ბ კლასი). ამჯერადაც დინამოს არ გაუმართლა: ხუთ ზონაში გამარჯვებულებს შორის ჩატარებულ ა კლასში გადასასვლელ ტურნირში მეოთხე ადგილი დაიკავა. იმავე წელს ბათუმელებმა ერთი საერთაშორისო შეხვედრა გამართეს და ირანული შახინი 5:0 დაამარცხეს.
1965 წელს დინამო მოკავშირე რესპუბლიკების პირველ ზონაში (ბ კლასი) მე-10 ადგილს დასჯერდა. 1966 წელს სსრკ ჩემპიონატის ა კლასის მეორე ჯგუფის (პირველი ქვეჯგუფი) გათამაშებაში მე-9 ადგილი დაიკავა. ამავე წელს გუნდმა თბილისის საერთაშორისო ზამთრის ტურნირის ფინალი თერთმეტმეტრიანების სერიაში თბილისის ლოკომოტივთან დათმო. მანამდე ჯგუფში ლენინგრადის ზენიტი და ჩეხოსლოვაკიის ტატრანი დაამარცხა.
1967 წელს ა კლასის მეორე ჯგუფში (პირველი ქვეჯგუფი) გუნდი მე-18 ადგილზე გავიდა. 1968 წელს იმავე კლასის მესამე ქვეჯგუფში მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო გუნდის ბომბარდირი 13 გოლით ბ. გიორგაძე გახდა. ამავე წელს ჩატარდა საერთაშორისო შეხვედრა ფინურ უპონ პალოსთან, რომელიც ფრედ - 1:1 დასრულდა. 1969 წელს ა კლასის მეორე ჯგუფში (მეოთხე ქვეჯგუფი) გუნდმა კვლავ მე-7 ადგილი დაიკავა.
ᲡᲐᲛᲝᲪᲓᲐᲐᲗᲘᲐᲜᲘ ᲬᲚᲔᲑᲘ
1970 წელს დინამო ა კლასის მეორე ჯგუფში (მეორე ზონა) მე-10 ადგილზე გავიდა. 1971 წელს მეოთხე ზონაში შედეგი გააუმჯობესა და მე-4 ადგილი დაიკავა, 1972 წელს კი მესამე ზონაში მე-5 ადგილს დასჯერდა.
1973 წელს ა კლასის მეორე ლიგის მეოთხე ზონაში გუნდმა მე-11 ადგილი დაიკავა. ამ წელს ბათუმელებმა ვიეტნამის ახალგაზრდულ ნაკრებთან საერთაშორისო შეხვედრა გამართეს, რომელიც ფრედ - 2:2 დასრულდა.
1974 წელს გუნდმა ა კლასის მეორე ლიგის მესამე ზონაში მე-2 ადგილი დაიკავა, 1975 წელს კი პირველ ზონაში - მე-12 ადგილი. 1976 წელს მესამე ზონაში მე-6 ადგილზე გავიდა. ამავე წელს შედგა საერთაშორისო შეხვედრა ავღანეთის ნაკრებთან, რომელიც დინამოს დამაჯერებელი გამარჯვებით - 4:0 დასრულდა.
ათწლეულის ბოლოს გუნდის შედეგები შედარებით გაუარესდა: ა კლასის მეორე ლიგის მეოთხე ზონაში 1977 წელს მე-9 ადგილი დაიკავა, 1978 წელს - მე-13 ადგილი, ხოლო 1979 წელს - მე-15 ადგილი.
ᲝᲗᲮᲛᲝᲪᲘᲐᲜᲘ ᲬᲚᲔᲑᲘ
1980 წელს გუნდმა ა კლასის მეორე ლიგაში (მეთერთმეტე ზონა) მე-10 ადგილი დაიკავა. 1981 წელს იმავე ზონაში მე-9-16 ადგილები განაწილდა, 1982 წელს კი კვლავ მე-10 ადგილზე აღმოჩნდა.
1983 წელი წარმატებული გამოდგა: ა კლასის მეორე ლიგის მეთერთმეტე ზონაში პირველი ადგილი დაიკავა, ფინალურ ეტაპზე კი მესამე ადგილს დასჯერდა.
1984, 1985 (ა ჯგუფი) და 1986 წლებში ა კლასის პირველ ლიგაში დინამომ სტაბილურად მე-11 ადგილი დაიკავა.
1987 წლიდან შედეგები გაუარესდა: ა კლასის პირველ ლიგაში გუნდი მე-19 ადგილზე გავიდა, 1988 წელს - მე-16 ადგილზე, ხოლო 1989 წელს პირველი ლიგის გათამაშება მე-18 ადგილით დაასრულა.
დინამო ბათუმი | 80-იანი წლები
ᲝᲗᲮᲛᲝᲪᲓᲐᲐᲗᲘᲐᲜᲘ ᲬᲚᲔᲑᲘ
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990 წელს, ბათუმის დინამომ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პირველ ეროვნულ ჩემპიონატში, სადაც მე-6 ადგილი დაიკავა და თასის ნახევარფინალში გავიდა. 1991 წელს გუნდმა მე-5 ადგილი დაიკავა, 1991-1992 წლების სეზონში - მე-9, ხოლო 1992-1993 წლებში - მე-11 ადგილი. ამავე სეზონში ბათუმელები საქართველოს თასის ფინალში გავიდნენ, სადაც თბილისის დინამოსთან 2:4 დამარცხდნენ. 1993-1994 წლების სეზონში გუნდი მე-5 ადგილზე გავიდა და კვლავ მიაღწია თასის ნახევარფინალს. 1994-1995 წლებში ბათუმელებმა მე-4 ადგილი დაიკავეს, თასის ფინალი კი ისევ თბილისის დინამოსთან დათმეს (0:1).
ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩის საერთო ფოტო | დინამო ბათუმი 1-0 გორდა რუსთავი
1995-1996 წლების სეზონში გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა. საქართველოს თასის ფინალში ბათუმელები დამატებით დროში დამარცხდნენ თბილისის დინამოსთან (0:1), ხოლო სუპერთასის შეხვედრაში იმავე მეტოქესთან 0:4 წააგეს.
ამავე სეზონში ბათუმის დინამომ ევროპის თასების მფლობელთა თასზე სადებიუტო მატჩები ჩაატარა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმელებმა იუგოსლავიური ობილიჩი დაამარცხეს: სტუმრად პაატა მაჭუტაძის გოლით 1:0 გაიმარჯვეს, ხოლო 24 აგვისტოს, ბათუმში, 25 000 მაყურებლის თანდასწრებით, ფრე 2:2 ითამაშეს (გოლები: პ. მაჭუტაძე, ა. მუჯირი).
დინამო ბათუმი ობილიჩი
1/16-ფინალში ბათუმელები გლაზგოს სელტიკს შეხვდნენ. 14 სექტემბერს, ბათუმში გამართული დრამატული მატჩი შოტლანდიელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა (მასპინძელთაგან გოლები პ. მაჭუტაძემ და თ. ტუღუშმა გაიტანეს), ხოლო გლაზგოში, პარკჰედის სტადიონზე 31 969 მაყურებლის თვალწინ ჩატარებულ განმეორებით შეხვედრაში სელტიკმა 4:0 იმარჯვა.
დინამო ბათუმი - სელტიკი
1996-1997 წლების სეზონში ბათუმის დინამომ ეროვნულ ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლები (მე-3 ადგილი) მოიპოვა, თუმცა თასის ფინალი (0:1) და სუპერტასი (1:4) კვლავ თბილისის დინამოსთან დათმო. თასების მფლობელთა თასზე ბათუმელებმა პირველ ეტაპზე ფარერების ჰაფნარი განადგურეს - შინ 6:0 (თ. ტუღუშის ჰეთ-თრიკი, დ. უჯმაჯურიძის დუბლი და ავტოგოლი) და სტუმრად 3:0 (ა. ღლონტის დუბლი, დ. უჯმაჯურიძე). მომდევნო ეტაპზე ბათუმის დინამო ჰოლანდიურ გრანდს, პსვ ეინდჰოვენს შეხვდა. ბათუმში გამართული მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა (ანგარიში ა. მუჯირმა გახსნა), ხოლო ეინდჰოვენში მასპინძლებმა 3:0 გაიმარჯვეს.
დინამო ბათუმი | 90-იანი წლები
1997-1998 წლების სეზონი კლუბის ისტორიაში განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. ეროვნულ ჩემპიონატში გუნდმა ვიცე-ჩემპიონის ტიტული (მე-2 ადგილი) მოიპოვა, ხოლო საქართველოს თასის ფინალში დამატებით დროში 2:1 დაამარცხა თბილისის დინამო და ტიტულს დაეუფლა. მოგვიანებით, სუპერტასის მატჩში ბათუმელებმა კვლავ დამატებით დროში სძლიეს თბილისელ თანაკლუბელებს (2:1) და ეს ტიტულიც მოიპოვეს. თასების მფლობელთა თასზე ბათუმის დინამომ ერევნის არარატი ორრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა - შინ 4:2 (ჯ. ჩუხუას დუბლი, ა. ღლონტი, გ. შეყილაძე) და სტუმრად 2:0 (რ. თორღაშვილი, ი. მახარაძე).
საქართველოს თასის გამარჯვებული დინამო ბათუმი
1998-1999 წლების სეზონში გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა. თასების მფლობელთა თასის პირველ შესარჩევ ეტაპზე ბათუმელები ბელგრადის პარტიზანს დაუპირისპირდნენ. პირველ მატჩში, იუგოსლავიაში, პარტიზანმა 2:0 გაიმარჯვა, ხოლო ბათუმში გამართულ განმეორებით შეხვედრაში დინამომ თ. სიჭინავას გოლით 1:0 მოიგო, თუმცა ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე სერბული კლუბი გავიდა.
ᲝᲠᲘᲐᲗᲐᲡᲘᲐᲜᲘ ᲬᲚᲔᲑᲘ
წარმატებული 1990-იანი წლების შემდეგ, ბათუმის დინამოსთვის 2000-იანი წლების დასაწყისი სირთულეებით აღსავსე გამოდგა. 1999-2000 წლების სეზონში გუნდმა მე-4 ადგილი დაიკავა, 2000-2001 წლებში - მე-7, 2001-2002 წლებში - მე-6, 2002-2003 წლებში - მე-9, ხოლო 2003-2004 და 2004-2005 წლების სეზონებში - მე-8 ადგილი.
2005-2006 წლების სეზონში გუნდი მე-6 ადგილზე გავიდა, 2006-2007 წლებში - მე-9-ზე, ხოლო 2007-2008 წლების სეზონში მე-13 ადგილი დაიკავა და პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2008-2009 წლების სეზონი ბათუმელებმა პირველ ლიგაში გაატარეს.
ᲝᲠᲘᲐᲗᲐᲡᲐᲗᲘᲐᲜᲘ ᲬᲚᲔᲑᲘ
2009-2010 წლების სეზონში დინამომ კვლავ პირველ ლიგაში იასპარეზა, 2010-2011 წლებში კი ამავე ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა. 2011-2012 წლების სეზონში გუნდმა პირველი ლიგის ა ზონაში პირველი ადგილი მოიპოვა, პლეი-აუტში მე-2 ადგილზე გავიდა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.
2012-2013 წლების სეზონში დინამო მე-11 ადგილზე გავიდა და კვლავ პირველ ლიგაში გადავარდა. 2013-2014 წლებში გუნდმა პირველი ლიგის ბ ზონაში მეორე ადგილი დაიკავა; რეგლამენტით პლეი-ოფი უნდა გამართულიყო, თუმცა სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით უმაღლესი ლიგის გაფართოების გამო დინამო უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.
2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში ბათუმელებმა მესამე ადგილი დაიკავეს და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვეს, სადაც კვიპროსულ ომონიასთან ორრაუნდიან ორთაბრძოლაში (ორი მატჩის ჯამში 1-2) დამარცხდნენ.
დინამო ბათუმი 1-0 ომონია | ზესტაფონი
2017 წელს ეროვნული ლიგის პირველივე სეზონში დინამო ბათუმი ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდა. 2018 წლიდან კლუბის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო - ინვესტორების, ჯონი ბაკურიძისა და არჩილ ბერიძის მოსვლასთან ერთად, კლუბში ფინანსური და ინსტიტუციური სტაბილურობა დამყარდა.
ამავე წელს დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელის პოსტი, გია გეგუჩაძემ დაიკავა, გუნდმა ეროვნულ ლიგა 2-ში გაიმარჯვა და უმაღლეს დივიზიონს დაუბრუნდა. 2019 წელს, ეროვნულ ლიგაში ახალ დაბრუნებულმა ბათუმელებმა მეორე ადგილი დაიკავეს და ევროთასებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
ᲝᲠᲘᲐᲗᲐᲡᲝᲪᲘᲐᲜᲘ ᲬᲚᲔᲑᲘ
2020 წელს დინამომ კვლავ ვერცხლის მედლები მოიპოვა, ამავე წელს გაიხსნა ბათუმის ახალი, თანამედროვე უეფას IV კატეგორიის სტადიონიც, რამაც ქალაქში საფეხბურთო ცხოვრება ახალ საფეხურზე აიყვანა.
2021 წელი კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა - დინამო ბათუმმა არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული.
პირველი ჩემპიონობა | 2021 წელი
2022 წელი კლუბისთვის განსაკუთრებული გამოდგა - ეროვნულ ლიგაში დაკავებულ მე-2 ადგილთან და საქართველოს სუპერთასის მოგებასთან ერთად, საგაზაფხულო მონაკვეთში ბათუმის დინამოს ღირსებას ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები - ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი იცავდნენ. ამ მოვლენამ ქალაქში ნამდვილი საფეხბურთო ბუმი და გულშემატკივართა უპრეცედენტო ინტერესი გამოიწვია.
2023 წელს, კლუბის 100 წლის იუბილე ჩემპიონობით აღინიშნა, ბათუმელებმა 2021 წლის შედეგი გაიმეორეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მეორედ დაეუფლნენ.
მეორე ჩემპიონობა | 2023 წელი
ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, კლუბში კრიზისული პერიოდი დაიწყო, რაც საბოლოოდ 2025 წლის მიწურულს დინამოში ახალი ინვესტორის მოსვლით დასრულდა.
არჩილ ბერიძის შემდეგ, კლუბი ბათუმელმა ბიზნესმენმა, თემურ მიქელაძემ გადაიბარა და დინამო ბათუმის ახალი მფლობელი გახდა.
ამ ცვლილებით, ბათუმურ კლუბში ახალი ერა დაიწყო. ახალი მესაკუთრის, თემურ მიქელაძის ხელმძღვანელობით, დინამო ბათუმი კვლავ რჩება ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად. დინამო აგრძელებს განვითარებას და მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის თანადგომით, უცვლელად ისახავს უმაღლეს მიზნებს როგორც საქართველოს ეროვნულ ლიგაში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. მოვლენების ეს განვითარება ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ კლუბის საუკუნოვანი, მდიდარი ისტორია ახალი წარმატებებითა და ტიტულებით გაგრძელდეს.


